იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს პროფესორების ახალი კვლევის პრეზენტაცია

       თელავს მნიშვნელოვანი სამეცნიერო ღირებულების უნიკალური კვლევა შეემატა, რომელიც   უტყუარ  საარქივო  პირველწყაროზე  დაყრდნობით,  დღემდე  შეუსწავლელ მასალას  შეიცავს.  ნაშრომი   თელავის საზოგადოებრივ ცხოვრებას  - XIX საუკუნის ბოლოსა და   XX ს-ის პირველ ოცწლეულს-    სრულიად ახლებურად წარმოაჩენს.

        პროექტის -,,თელავი - ისტორია და თანამედროვეობა“- პრეზენტაცია  28 დეკემბერს, თელავის კულტურის ცენტრში,  ვახვახიშვილის ისტორიულ სასახლეში, გაიმართა.  შეხვედრას  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი,  კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, თესაუ-ს პროფესორები და  საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

       ნაშრომი მკვლევარ-სპეციალისტებისა და  საქართველოს ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვისაა განკუთვნილი. კვლევაზე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა: ,,კავკასიის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელმა,  თენგიზ სიმაშვილმა, თამარ თამარაშვილმა, თეიმურაზ ვახტანგიშვილმა და მირიან თვალიაშვილმა   იმუშავეს.

       უნივერსიტეტის მეცნიერ-ისტორიკოსები თელავის იმჟამინდელი ინფრასტრუქტურის, საგანმანათლებლო და რელიგიური დაწესებულებების, თელავში მოქმედი ადგილობრივი ძალოვანი უწყებებისა და ქალაქ თელავის თვითმართველობის  შესახებ  აქამდე უცნობ მონაცემებს გვაწვდან.

      თესაუ-ს პროფესორების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები,  სფეროების მიხედვით,  ოთხ წიგნად დაიბეჭდა და  მკითხველის ფართო წრისთვისაა  ხელმისაწვდომი.

  პროექტი საქართველოს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით განხორციელდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 4493