თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულება

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეული. იგი წარმართავს თავის საქმიანობას “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდების და შესაბამისი დებულების მოთხოვნის თანახმად. სამსახურის ამოცანაა ხელი შეუწყოს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლების, სამეცნიერო კვლევის, სტუდენტთა ცოდნის და აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასების თანამედროვე სტანდარტების და მეთოდების დანერგვის გზით. სამსახური ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე. 

სამსახურის სტრუქტურა:

 
უნივერსიტეტის სამსახურის ხელმძღვანელს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით. სამსახურის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს პროფესორი, ასოცირებული პროფესორი ან დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც არ უკავია სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა და არ არის სხვა სამსახურის ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა ხდება 4 წლის ვადით; ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეული იქნეს სამსახურის ხელმძღვანელად ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. უნივერსიტეტის სამსახურის წევრები არიან სამსახურის სპეციალისტები, წამყვანი სპეციალისტები და ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელები, რომლებიც პასუხს აგებენ:

სასწავლო დოკუმენტაციაზე; საუნივერსიტეტო მონაცემთა ბაზების ორგანიზებასა და მართვაზე; სტუდენტების არჩევით კურსებზე რეგისტრაციის სისტემის შემუშავებაზე; სასწავლო პროცესის მონიტორინგის ორგანიზაციაზე.

უნივერსიტეტის სამსახურის ხელმძღვანელის სპეციალისტების შტატებს და ხელფასებს განსაზღვრავს უნივერსიტეტის რექტორი და ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ფაკულტეტის სამსახურის ხელმძღვანელებს ირჩევს და ამტკიცებს შესაბამისი ფაკულტეტის საბჭო. ფაკულტეტის სამსახურის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი ასოცირებული პროფესორი ან პროფესორი, რომელსაც არ უკავია სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა და არ არის სხვა სამსახურის ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა ხდება 4 წლის ვადით; ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეული იქნეს სამსახურის ხელმძღვანელად ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. ფაკულტეტის სამსახურის ხელმძღვანელების შტატებს და ხელფასებს განსაზღვრავს უნივერსიტეტის რექტორი და ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ფაკულტეტის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ფაკულტეტის საბჭოს ნებისმიერი წევრი. ფაკულტეტის სამსახური ანგარიშვალდებულია ფაკულტეტის საბჭოს წინაშე. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი არის უნივერსიტეტის სამსახურის წევრი. 

სამსახურის ფუნქციები:

 
სამსახური უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების შესაბამისობას თანამედროვე სტანდარტებთან, ისევე როგორც ბოლონიის პროცესის მოთხოვნებთან. ამისათვის ის:

აანალიზებს და რეკომენდაციას უწევს უნივერსიტეტის ყველა სპეციალობაზე და სწავლების ყველა დონეზე მოქმედ სასწავლო გეგმებს (ბოლონიის პროცესის მოთხოვნების შესაბამისად); უზრუნველყოფს სასწავლო პროცესს ყველა საჭირო დოკუმენტაციით; მონაწილეობს საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო გეგმებისა და ნორმატიული დოკუმენტების შედგენაში; ატარებს კონსულტაციებს საკრედიტო სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით და უზრუნველყოფს ამ სისტემის დანერგვას უნივერსიტეტის ყველა სპეციალობაზე; რეკომენდაციას უწევს სწავლების ახალ მეთოდებსა და საშუალებებს, რისთვისაც ორგანიზაციას უწევს ან თავად ატარებს ტრენინგებს აკადემიური პერსონალისათვის; აკონტროლებს სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, აკადემიური პერსონალის ეფექტურობას; ამოწმებს და აანალიზებს სასწავლო პროცესის თითოეული ეტაპის მიმდინარეობასა და შედეგებს, გამოიმუშავებს რეკომენდაციებს სასწავლო პროცესის ოპტიმალურად წარმართვისათვის; შეიმუშავებს და განახორციელებს აკადემიური პეროსანლის მუშაობის შეფასების სისტემას სწავლებისა და კვლევის სფეროებში შეფასების სხვადასხა კრიტერიუმის გამოყენებით; თავად ატარებს ან ორგანიზაციას უწევს კონსულტაციებს აკადემიური პერსონალისათვის კვლევით პროექტებში რჩევის შესაძლებლობებთან დაკავშირებით; უზრუნველყოფს სასწავლო გეგმის და სალექციო კურსების პროგრამების (სილაბუსების) რეცენზირებას გარეშე ექსპერტების მიერ; უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის მუშაობის კოლეგიალური შეფასების სისტემის აღდგენას და ეფექტურობას; მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების უნივერსიტეტების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად, უზიარებს მათ ინფორმაციას ჩატარებული შეფასების კვლევისა და შეფასების ღონისძიებების თაობაზე.

 
 

    2017 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.