19 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულების პირველკურსელი სტუდენტებისთვის ჩატარდა ლექცია-პრაქტიკული, რომლის მიზანი იყო ქალაქ თელავის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა, ისტორიული წყაროების მნიშვნელობის გააზრება და თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაკავშირება.
სტუდენტები გაეცნენ თელავის შესახებ არსებულ წერილობით წყაროებს, ეთნოგრაფიულ მასალებსა და არქეოლოგიურ მონაცემებს, ასევე მოინახულეს ქალაქის ტერიტორიაზე არსებული საერო და საეკლესიო ხუროთმოძღვრული ძეგლები.
თელავის ისტორიულ უბნებში ჩატარებული საგანმანათლებლო-შემეცნებითი ტურის ფარგლებში სტუდენტებმა ადგილზე მიიღეს ინფორმაცია ქალაქის წარსულთან დაკავშირებული ისტორიული ძეგლებისა და მნიშვნელოვანი ადგილების შესახებ. ვიზიტს თან ახლდა განმარტებები, ხოლო პლანშეტის საშუალებით სტუდენტები გაეცნენ ძველ ფოტოებსა და ისტორიულ დოკუმენტებს, რამაც მათ საშუალება მისცა, ისტორიული წყაროები უშუალოდ დაეკავშირებინათ ქალაქის ისტორიულ გარემოსთან.
მსგავსი პრაქტიკული აქტივობები ხელს უწყობს სტუდენტებში ისტორიული კვლევის უნარების განვითარებას, ადგილობრივი ისტორიის სიღრმისეულად გააზრებასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობის გაცნობიერებას.
ლექცია-პრაქტიკულს უძღვებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ სიმაშვილი და მოწვეული მასწავლებელი, არქეოლოგი გიორგი მწყერაძე.


