იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „ტყის ინვენტარიზაციისა და ტაქსაციის“ პროფესიული გადამზადების პროგრამას იწყებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი იწყებს მსმენელთა რეგისტრაციას „ტყის ინვენტარიზაცისა და ტაქსაციის“  პროფესიულ გადამზადების პროგრამაზე, რომლის მიზანიც არის ტყის ტაქსაციის სპეციალისტების (მეტყევე-ტაქსატორი) მომზადება.

პროგრამაზე ჩარიცხული მსმენელებისთვის სწავლა უფასოა. სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მსმენელები კურსდამთავრებული მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს და დასაქმდებიან ეროვნულ სატყეო სააგენტოში.

აღნიშნული პროგრამა განკუთვნილია სატყეო ან/და მომიჯნავე სფეროში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის და მიმართულია, როგორც ტყესთან დაკავშირებული საბაზისო ცოდნის განმტკიცების, ასევე ტყის ინვენტარიზაციისა და ტაქსაციის საველე პირობებში განხორციელებისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებისაკენ. ტყის ინვენტარიზაციის ეტაპები მოიცავს კარტოგრაფიულ მასალებთან მუშაობას, საველე პირობებში ტყის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ მონაცემთა შეგროვებას, ანალიზსა და კამერალურ დამუშავებას, სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების დანიშვნასა და დოკუმენტაციის შექმნას, მათ შორის, ინვენტარიზაციის საბოლოო პროდუქტის - ტყის მართვის გეგმის მომზადებას.

პროგრამის სრული ხანგრძლივობა შეადგენს 12 კვირას და მოიცავს, როგორც თეორიულ და პრაქტიკულ, ისე საველე სწავლებას, რომელიც ხორციელდება სსიპ სატყეო სააგენტოს ტყის ფონდში. საველე სწავლებისას სასწავლო დატვირთვა შეადგენს კვირაში 40 საათს და გულისხმობს საინვენტარიზაციო სამუშაოების შესრულებას, როგორც წიწვოვანი, ისე შერეულ ტყეში. პრაქტიკული სწავლების განმავლობაში მოხდება მსმენელების განაწილება სამ ჯგუფად, რომლებიც იმუშავებენ პარალელურ რეჟიმში და თითოეულ ჯგუფს უხელმძღვანელებს ერთი ინსტრუქტორ- მასწავლებელი. პროგრამის ფარგლებში განმსაზღვრელი შეფასება ხორციელდება ორჯერ და გულისხმობს ზეპირ/წერილობით გამოკითხვას და პროექტის შესრულებას - ტყის ინვენტარიზაციის მაჩვენებლების საფუძველზე, ტყის მართვის გეგმის შედგენას. განმსაზღვრელი შეფასებების დადასტურება წარმოდგენს სერტიფიკატის გაცემის წინაპირობა

„ტყის ინვენტარიზაციისა და ტაქსაციის“ პროფესიული გადამზადების პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ ტყის ინვენტარიზაციის საველე სამუშაოების განხორციელებას, მათ შორის: ტყეში აზომვითი და შეფასებითი სამუშაოების ჩატარებას, მონაცემთა შეკრებას, დამუშავებას, ელექტრონულ პროგრამაში ასახვასა და ანალიზს, მონაწილეობას მიიღებენ სატყეო ღონისძიებების (ტყითსარგებლობის, ტყის მოვლა-აღდგენის და სხვა) დაგეგმვასა და ტყის მართვის გეგმების მომზადებაში ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მიხედვით, პროგრამის ვიწრო სფეროა - 082; დეტალური - 0821 მეტყევეობა, სპეციალიზაცია - 0821.3.1 სატყეო საქმე (Forestry).

პროგრამა ხორციელდება სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობით და პროფესიული უნარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

რეგისტრაცია შესაძლებელია 2023 წლის 11 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით ვებ-გვერდზე: vet.emis.ge, ხოლო სასწავლო პროცესი დაიწყება მიმდინარე წლის 26 აპრილს.

 

 
მნახველთა რაოდენობა: 4821
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.