იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
წიგნის თარგმნის პროგრამა 2022

აშშ ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება აცხადებს კონკურსს ამერიკელი ავტორების წიგნის თარგმნის პროგრამაზე. პროგრამის მიზანია ქართველი სტუდენტებისათვის, მკვლევარებისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის  გაზარდოს უახლეს კვლევებზე, სახელმძღვანელოებსა და თანამედროვე პოპულარულ ლიტერატურაზე ფინანსური და ფიზიკური ხელმისაწვდომობა.

იხილეთ ინფორმაცია ბმულზე: https://ge.usembassy.gov/ka/education-culture-ka/grant-programs-ka/book-translation-program-pas-ka/

შეგახსენებთ, რომ წიგნის თარგმნის პროგრამის მეორე სააპლიკაციო ვადა 2022 წლის 13 აპრილს იწურება.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საგამომცემლო სახლებსა და საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებს. პროგრამის დაფინანსების შემთხვევაში, წიგნის თარგმნის პროექტის ფარგლებში გაიცემა გრანტები შემდეგი მიმართულებით:

  • საჯარო პოლიტიკა/სამოქალაქო განათლება: ზოგადი საჯარო პოლიტიკა, კიბერ განათლება და კიბერ უსაფრთხოება, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების მართვის საჯარო პოლიტიკა.
  • მედია: მედია ეთიკა, მედიის მენეჯმენტი, კიბერ განათლება და კიბერ უსაფრთხოება, სტრატეგიული კომუნიკაცია, მასკომუნიკაცია და სხვა დაკავშირებული თემები.
  • სამართალი: საერთაშორისო სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და სხვა დაკავშირებული თემები.
  • ეკონომიკა: მეწარმეობა, ბიზნეს ადმინისტრირება, მენეჯმენტი, ეკონომიკა და სხვა დაკავშირებული თემები.
  • ზოგადი განათლება: განათლების მენეჯმენტი და ადმინისტრირება; კურიკულუმის დაგეგმვა და განვითარება; საგანმანათლებლო ტექნოლოგიები; სპეციალური განათლება და განათლებასთან დაკავშირებული თემები.
  • მხატვრული ლიტერატურა (განიხილება მხოლოდ  ჩამოთვლილ თემებზე):  სამოქალაქო განათლება, სამოქალაქო საზოგადოება, ეთნიკური, უმცირესობებისა და ქალთა თანასწორობა, კონფლიქტების მოგვარება, გარემო, ინფორმაციის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, საჯარო განათლება და ადვოკატირება, კანონის უზენაესობა.

სახელმძღვანელოების და აკადემიური ლიტერატურის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოთ უახლესი გამოცემები.

მინიმალური მოთხოვნილი ტირაჟი არის 1,000 ცალი. მცირე ტირაჟის განხილვა შესაძლებელია გამონაკლისის სახით საჭიროების დასაბუთების შემთხვევაში.

გრანტიორი პასუხისმგებელია მფლობელისგან საავტორო უფლების ნებართვის მოპოვებაზე.

აპლიკანტმა საავტორო უფლებაზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს განაცხადის წარდგენამდე, რათა შეძლოს კომუნიკაციის ან კონტრაქტის ხელმოუწერელი ასლის წარდგენა სხვა სავალდებულო დოკუმენტებთან ერთად. ფინალში გადასვლის შემდეგ, აპლიკანტს მოეთხოვება ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი საავტორო უფლების ხელშეკრულების წარდგენა.

აპლიკანტს შეუძლია არა უმეტეს ხუთი (5) განაცხადის შემოტანა. განმცხადებელს კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პროგრამის ორივე ვადაზე, თუმცა ერთი და იმავე განაცხადის ხელახლა შემოტანა მეორე ვადაზე არ დაიშვება. 

სათარგმნად შერჩეული ლიტერატურა არ უნდა იყოს ქართულ ენაზე უკვე გამოცემული. თარგმანი უნდა შესრულდეს ორიგინალი ენიდან.

პროგრამა ხორციელდება 50%-იანი თანადაფინანსების საფუძველზე. თანადამფინანსებელი შესაძლოა იყოს როგორც განმცხადებელი ორგანიზაცია, ასევე გარე დაფინანსების წყარო. აღნიშნულ პროექტში სხვა თანადამფინანსებლის არსებობის შემთხვევაში, აპლიკანტმა უნდა წარადგინოს შესაბამისი ორგანიზაციის თანხმობის წერილი (თანხისა და ხარჯების კატეგორიის მითითებით).

კოალიციური პროექტის შემთხვევაში განაცხადს უნდა დაერთოს შესაბამისი პარტნიორი ორგანიზაცი(ებ)ის თანხმობის წერილი, პროექტში მათი როლისა და პასუხისმგებლობების მითითებით.

პროექტის მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ (2) წელს.

დაფინანსებული პროექტების სავარაუდო რაოდენობა: 15 გრანტი (დამოკიდებულია გამარჯვებული პროექტების ჯამურ მოთხოვნილ თანხაზე)

პროგრამის ჯამური ფონდი: $100,000

განაცხადი და შეტანის წესები:

საპროექტო განაცხადების ელექტრონულად მიღების ვადა:

  • 13 აპრილი, 2022

გთხოვთ, საპროექტო განაცხადი ელექტრონულად გადააგზავნოთ შემდეგ მისამართზე TbilisiGrants@state.gov და სათაურში დაურთოთ პროგრამის სახელწოდება (Book Translation Program). გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 6მბ-ზე დიდი მოცულობის ელ. გზავნილები და RAR/ZIP ფორმატის დოკუმენტები არ მიიღება. დოკუმენტები უნდა იყოს მხოლოდ Word და PDF ფორმატში. განაცხადები მიიღება მხოლოდ მითითებული ვადის ფარგლებში. დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება. პირველადი შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სააპლიკაციო ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 2 თვის განმავლობაში.

სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • SF-424 
  • SF424A
  • SF424B
  • შევსებული განაცხადის ფორმა
  • მთარგმნელის CV/რეზიუმე (მთარგმნელობითი გამოცდილებისა და ნათარგმნი ნაშრომების მითითებით)
  • საავტორო უფლების მფლობელთან კომუნიკაციის ან/და ხელშეკრულების ასლი
  • თანადაფინანსების თანხმობის წერილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • პარტნიორი ორგანიზაციის თანხმობის წერილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

ფორმების შევსების ინსტრუქციები, როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ ენაზე, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე სხვა დოკუმენტებთან ერთად. https://ge.usembassy.gov/ka/education-culture-ka/grant-programs-ka/book-translation-program-pas-ka/

სავალდებულო რეგისტრაცია

გრანტის მიმღები ყველა ორგანიზაცია ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს SAM.gov პორტალზე, რომელიც რამდენიმე ეტაპიანი და ხანგრძლივი პროცესია.

  • NCAGE/CAGE code
  • SAM.gov რეგისტრაცია

რეგისტრაცია და წლიური განახლება ორივე პორტალზე უფასოა.
დეტალური ინსტრუქცია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ვებგვერდიდან სხვა სავალდებულო დოკუმენტებთან ერთად.

 
მნახველთა რაოდენობა: 4195