კომუნიკაციების კომისია და მედიააკადემია უკვე მეორედ აცხადებს მედიაწიგნიერების კონკურსს ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის - „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ კონკურსის მიზანი ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების, მედიაწიგნიერებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება, 1 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, ბაკალავრიატის ყველა სტუდენტს შეუძლია.
კონკურსის ფარგლებში, სტუდენტებმა უნდა აღმოაჩინონ მედიასივრცეში, მათ შორის, ინტერნეტში, ტელევიზიასა და ბეჭდურ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია (Fake News), რომელიც ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია. სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ ამბის აღმოჩენის გზა, მისი გადამოწმების წყარო და პარალელურად, დაადგინონ რეალური ფაქტები.
კონკურსის გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს, რომლებსაც კომუნიკაციების კომისიისგან ულტრათანამედროვე პრიზები გადაეცემათ. პირველი ადგილის მფლობელი საჩუქრად iPhone 13 Pro-ს მიიღებს, მეორე ადგილის მფლობელს - HP Pavilion, ხოლო მესამე ადგილზე გასულ სტუდენტს 3 iPad 10.2 (9 Gen) გადაეცემა.
კონკურსის ფარგლებში კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის თანამშრომლები გეგმავენ სტუდენტებისთვის ტრენინგის ჩატარებას, ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის ტექნიკებთან დაკავშირებით. სტუდენტებს მიეწოდებათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა აღმოაჩინონ ყალბი ინფორმაცია, რას უნდა მიქციონ ყურადღება და როგორ უნდა გადაამოწმონ წყაროები, გარდა ამისა, სტუდენტებს დეტალურად ეცნობებათ კონკურსის წესების შესახებ და მიიღებენ რეკომენდაციებს, საკონკურსო ნამუშევრების შესრულებასთან დაკავშირებით.