ევროკავშირის Erasmus +ის პროექტის DITECH-ის (DITECH = Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs// ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში) ფარგლებში, განვითარების მიმართულებით კონსორციუმის მეორე ონლაინ (2021 წლის 30 ივნისი- 2 ივლისი) და მეორე ეროვნული ( 2021 წლის 27- 29 ივლისი) შეხვედრები ჩატარდა.
კონსორციუმის შეხვედრა პროექტის კოორდინატორების, ტალინის უნივერსიტეტის პროფესორის სირიე ვირკუსისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ იზაბელა პეტრიაშვილის ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ როგორც საქართველოს მხრიდან ჩართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ასევე, პროექტის მონაწილე ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
მეორე ეროვნულ შეხვედრას კი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობდა და მას საქართველოს მხრიდან ჩართული ინსტიტუციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაში, ონლაინ ფორმატში, კაუნასის უნივერსიტეტის წარმომადგენელიც ჩაერთო.
აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში, რომლებიც განვითარების სამუშაო პაკეტის (WP2) საკითხებს მიეძღვნა, მომხსენებლებმა და მონაწილეებმა განიხილეს ინფორმაციისა და ცოდნის მენეჯმენტის, ხარისხის მენეჯმენტის, რისკების მართვის და დისემინაციის მენეჯმენტის გეგმების საბოლოო ვერსიები.
შეთანხმდა მაგისტრებისა და ბაკალავრებისათვის განკუთვნილი კურსების საბოლოო ვერსიები, რომელთა საფუძველზეც შემუშავდება რიდერები.
წარმოდგენილი იქნა სატრენინგო მოდულების თემატიკა და დასახული ამოცანები უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისათვის და ონლაინ ინსტრუქტორების მოსამზადებლად.
სამუშაო შეხვედრების განმავლობაში განხილულ იქნა პროექტის ფინანსურ მენეჯმენტთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, განისაზღვრა კურსებისათვის განკუთვნილ რიდერებზე მუშაობის გეგმა, მოხდა შეთანხმება პროექტის გარე შეფასებისათვის გამოსაცხადებელი საკონკურსო ვადებისა და პირობების, ახალი ამბების ბიულეტინის, FB გვერდისა და პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების შესახებ.