იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
DITECH -ის პირველი ეროვნული შეხვედრა

2021 წლის 10 და 11 თებერვალს, ონლაინ რეჟიმში, Zoom-ის პლატფორმაზე,  Erasmus+ პროგრამის გამარჯვებული პროექტის- „ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში" (Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs – DITECH“),  პირველი ეროვნული სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. 

     პროექტის ძირითადი მიზანია საქართველოს უნივერსიტეტებში უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება, ტექნოლოგიით გაძლიერებული სწავლება-სწავლის განვითარებისა და დანერგვის გზით. პროექტის ფარგლებში, აკადმიური პერსონალის ციფრული კომპეტენციისა და უნარების გასაუმჯობესებლად, შეიქმნება ინოვაციური პროგრამები და ტრენინგკურსები, ასევე, მოხდება ცოდნის გადაცემის მეთოდების დივერსიფიკაცია, მათ შორის, ონლაინ/შერეული სწავლების საშუალებით. 

     პროექტის ხანგრძლივობა 3 წელია (15/01/2021-15/01/2024)  და მისი ძირითადი სამიზნე ჯგუფები არიან:  სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და მომავალი/მოქმედი მასწავლებლები.  

    კონსორციუმის მუშაობაში ჩართული არიან: პროექტის კოორდინატორი-ტალინის უნივერსიტეტი (ესტონეთი), კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ლიეტუვა), კორკის საუნივერსიტეტო კოლეჯი (ირლანდია), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (კოორდინატორი საქართველოში),  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს სხვა  წამყვანი უნივერსიტეტები. 

       პირველ ეროვნულ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს მხრიდან ჩართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები .

    პროექტის რეგიონულმა კოორდინატორმა, თსუ-ს პროფესორმა, იზაბელა პეტრიაშვილმა,  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თინა გელაშვილმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პროექტის ფინანსურმა მენეჯერმა,  მანანა სალუქვაძემ, პარტნიორებს  პროექტის ზოგადი მიმოხილვა გააცნეს. შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის წარდგენის ეტაპზე შემფასებელთა მიერ გაცემული რეკომენდაციები მოისმინეს და პროექტის წარმატებით განხორციელების გზებზე იმსჯელეს.  პარტნიორებმა, ასევე, დეტალურად განიხილეს პროექტის ფარგლებში შესასრულებელი აქტივობები. 

   მეორე სამუშაო დღე  პროექტის ბიუჯეტის, პარტნიორული ხელშეკრულების პირობებისა და სხვა ლოჯისტიკური საკითხების განხილვას დაეთმო.  ეროვნულ შეხვედრაზე პროექტში ჩართულმა მხარეებმა, ასევე,  ისაუბრეს  პროექტის ოფიციალური გახსნის, პირველი საერთაშორისო შეხვედრის დღის წესრიგსა და ამ შეხვედრის ფარგლებში, თითოეული პარტნიორის როლზე. 

   პროექტის ოფიციალური გახსნა საერთაშორისო დონეზე დაგეგმილია 2021 წლის 25-27 თებერვალს ,Zoom.us პლატფორმის საშუალებით.

 
მნახველთა რაოდენობა: 14575