იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლები, საახალწლოდ, თელავში მცხოვრებ ხარიტონაშვილების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრნენ. წიგნების, ჩასაცმელის, სათამაშოების და ტკბილეულის გარდა, მათ თექის ნამუშევრები და მისი დასამზადებელი მასალაც გადაეცათ. განათლების მეცნიერებთა ფაკულტეტის თექის პროფესიული პროგრამის ხელმძღვანელმა ნუგზარ ძამუკაშვილმა ხარიტონაშვილებს შესთავაზა, მათი შვილების დაინტერესების შემთხვევაში, თექის დამზადება ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე შეასწავლოს.
ნოდარ ხარიტონაშვილი: ,,დიდი მადლობა დაფასებისთვის. ჩემს ოჯახს, თქვენი მხრიდან ასეთი ყურადღება და სითბო, უძლიერებს მომავლის იმედს. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, ვისურვებდი, ყველა გაჭირვებული ოჯახი ისე გაგებედნიერებინოთ, როგორც – ჩვენ”.
ნინო კოჭლოშვილი, თესაუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი: ,,ჩვენს ფაკულტეტზე არსებობს სოციალური პაკეტი, რომელიც ემსახურება გაჭირვებული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ერთჯერად დახმარებას. ამ ეტაპზე ფაკულტეტმა მიზნად დაისახა მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვებისათვის საახალწლო ოცნებების ასრულება. გავიცანით ხარიტონაშვილების ოჯახი, გავიგეთ მათი შვილების სურვილები და, ვფიქრობ, დღეს ძალიან გავახარეთ.” ნელი ცქიტიშვილი, თესაუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი:
“მისასალმებელია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და მისი დეპარტამენტების საქველმოქმედო ინიციატივები, რომელთა შორის ეს ყველაზე გამორჩეული მგონია, რადგან, აქცია შვიდი შესანიშნავი ბავშვის სიხარულს და სურვილების ახდენას მიეძღვნა. ქველმოქმედების კეთებით ადამიანი პირველ რიგში, საკუთარ თავს ეხმარება, ამიტომაც აქვთ დღეს ჩემს კოლეგებს – ნინო კოჭლოშვილს, ნინო გიორგაძეს, ნუნუ გელდიაშვილს, ნუგზარ ძამუკაშვილს – სხივჩამდგარი თვალები და სიკეთით სავსე სახეები. ქველმოქმედება და სიკეთე გადამდებია და, ვფიქრობ, მათ სხვა ფაკულტეტებიც მიჰბაძავენ”.
სოციალური პაკეტის ფარგლებში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ხუთ სტუდენტს ერთჯერადი დახმარება უკვე გაუწია, რომლის გაგრძელება მომავალშიც იგეგმება.

 

 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.