იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY

საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიალი თსუ-ში

      17 იანვარს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  თსუ-ს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

      აკადემიური საბჭოს დადგენილებით, საქართველოს პოპულარიზაციისა და ქართული კულტურის საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაცნობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ლონდონის, ათენის, ბერლინისა და ფრანკფურტის პროფესორებს საპატიო დოქტორის წოდება  მიენიჭათ.

    ღონისძიებაზე სტუმრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა,  კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თსუ-ს რექტორი  გიორგი შარვაშიძე და სხვა საპატიო სტუმრები მიესალმნენ.

    დაჯილდოვებული დოქტორებს შორის იყო ბრიტანელი მეცნიერი, იმუნოლოგი, პროფესორი პიტერ ლიდიარდი (ლონდონისა და ვესტმინსტერის უნივერსიტეტები, დიდი ბრიტანეთი), რომელიც უკვე 20 წელია, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიურად თანამშრომლობს. მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის იმუნოლოგიისა და ჰემატოლოგიის მიმართულებების განვითარებასა და თესაუ-ს ლაბორატორიების ხელსაწყოებით აღჭურვაში. პროფესორ პიტერ ლიდიარდისა და პროფესორ ნინო ფორაქიშვილის ხელმძღვანელობით, ამჟამადაც წარმატებით ხორციელდება ტემპუსის პროექტი, რომლის ერთ-ერთი პარტნიორი უნივერსიტეტია თესაუ (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, კოორდინატორი- პროფესორი მაგდა დავითაშვილი).

    თსუ-ს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების საზეიმო ცერემონიალზე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მიწვეული იყვნენ თესაუ-ს რექტორი, ასოცირებული პროფესორი ირმა შიოშვილი, თესაუ-ს აკადემიური საბჭოს მდივანი, პროფესორი როინ ჭიკაძე და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მაგდა დავითაშვილი.

დაჯილდოების დასრულების შემდეგ, პროფესორებმა საჯარო ლექციები წაიკითხეს. 

 

 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.