შვედური ინსტიტუტის კურსდამთავრებულთა ასოციაცია საქართველოში, შვედური ინსტიტუტის (SI) და შვედეთის სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტების ინფორმირების მიზნით, ახორციელებს პროექტს, შვედეთის მთავრობის სტიპენდიების თაობაზე. პროექტის ფარგლებში, ხორციელდება საინფორმაციო შეხვედრები სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებთან საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, რათა უფრო ხელმისაწვდომი გახადოს შვედური ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული სასწავლო, გაცვლით და სტაჟირების პროგრამები.
შვედური ინსტიტუტის კურსდამთავრებულთა ასოციაცია 28 ნოემბერს, 13:00 საათზე, გამართავს საინფორმაციო შეხვედრას იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში (უნივერისტეტის I კორპუსი, II სართული).
SI-ს ვისბის რეგიონის სტიპენდია განკუთვნილია სამაგისტრო, სადოქტორო და პოსტ- სადოქტორი პროგრამებისთვის, ამიტომაც, საინტერესო იქნებ, როგორც ბაკალავრიატის სტუდენტების, ასევე მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის. ამასთან, არ ვრცელდება შეზღუდვა სპეციალობებზე. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ მიიღონ შვედეთში სწავლისთვის საჭირო ინფორმაცია, კერძოდ, სააპლიკაციო პროცესის, სტიპენდიების, ისევე როგორც ზოგადად, შვედეთში სწავლის უპირატესობების შესახებ.