3 ივლისს ,16:00 საათზე, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (მის. ვაჟა–ფშაველას ქ. #3) ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საქართველოს პარლამენტთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით გაიმართება საჯარო შეხვედრა ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, პრევენციის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის შესახებ. საჯარო შეხვედრების მიზანია მოხდეს მოსახლეობის ინფორმირება ევროპის საბჭოს კონვენციაზე (სტამბოლის კონვენცია), რომელიც “ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ” საკითხებს ეხება.
საჯარო შეხვედრას დაესწრებიან გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი დეპუტატები: ნინო წილოსანი, ნინო გოგუაძე და გუგული მაღრაძე. ისინი მიმოიხილავენ გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობას და საზოგადოებას გააცნობენ „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებს.
გენდერული საბჭოს წევრების გარდა, შეხვედრაზე ასევე ისაუბრებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებიც, რომლებიც მოსახლეობას მიაწოდებენ დეტალურ ინფორმაციას ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე სახელმწიფო უწყებების რეაგირების შესახებ. საჯარო შეხვედრას ასევე დაესწრება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელიც, რომელიც მოსახლეობას ძალადობის მსხვერპლთათვის ხელმისაწვდომ სახელმწიფო სერვისებს გააცნობს.
შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.