სასტიპენდიო პროგრამა -„სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ წარმოადგენს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საფრანგეთის მთავრობის ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამას, რომლის საფუძველია სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და კამპუსს ფრანსს შორის 2015 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება პარტნიორობის შესახებ.
სასტიპენდიო პროგრამის „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ მიზანია, საშუალება მისცეს საქართველოს ახალგაზრდობას საფრანგეთში, მიიღოს საერთაშორისოდ აღიარებული აკადემიური მაგისტრის ხარისხი როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის შედეგად.
პროგრამის მხარდაჭერა გამოიხატება მათი განმახორციელებლების სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის, საფრანგეთის საელჩოს საქართველოში და კამპუსს ფრანსის ერთობლივ ფინანსურ უზრუნველყოფაში.
საქართველოსა და საფრანგეთის ერთობლივი სახელმწიფო დაფინანსებით, სწავლის დასრულების შემდგომ კურსდამთავრებულები საქართველოში დაბრუნდებიან და მოღვაწეობას განაგრძობენ შესაბამის სფეროში, 3 წლამდე ვადით.
პროგრამა კურსდამათავრებულებს სოციალური, აკადემიური და პროფესიონალური ქსელის შექმნაში დაეხმარება, რაც უზრუნველყოფს მათთვის ინდივიდუალური პროფესიული კონტაქტების გაფართოებასა და ხელს შეუწყობს საჯარო სექტორში ინტერსექტორალურ ურთიერთთანამშრომლობას.
პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული პრიორიტეტული მიმართულებები/სპეციალობები:
- აგრარული მეცნიერებანი;
- განათლება;
- ინჟინერია;
- მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;
- სოციალური მეცნიერებები;
- ჰუმანიტარული მეცნიერებანი;
- სამართალი;
- არქიტექტურა;
- საჯარო მმართველობა;
- მენეჯმენტი.
კონკურსში გამარჯვებული პირი დამოუკიდებლად აწარმოებს ჩარიცხვის პროცედურებს საფრანგეთში, მისთვის სასურველ უნივერსიტეტში/ებში პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულების/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე. პროგრამისთვის არაპრიორიტეტული მიმართულების/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ წერილი არ მიიღება და წარმოადგენს ცენტრი სმხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველს.