პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში, მიღწეული შედეგების გაზიარებისა და პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით, 2019 წლის, 15-16 ივნისს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გერმანიის საელჩოსთან თანამშრომლობით, გეგმავს მასშტაბური ღონისძიების- „პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები“- ორგანიზებას, რომლის ფარგლებშიც, საზოგადოების ფართო მასებისათვის მოხდება არსებული თანამშრომლობისა და საგანმანათლებლო სერვისების შესახებ ინფორმაციის გაზიარება. ღონისძიებას, ასევე, მხარს უჭერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და მათთან აქტიური თანამშრომლობით, იგეგმება ერთობლივი, ცალკეული აქტივობების განხორციელება.
ღონისძიების ორდღიანი სცენარი, რომელიც გაიმართება „პირველი რესპუბლიკის მოედანზე“, ითვალისწინებს სხვადასხვა თემატურ აქტივობებს, სამთავრობო უწყებების, მათი საქვეუწყებო სააგენტოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, დარგობრივი ასოციაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენელთა მონაწილეობით. კერძოდ, სხვადასხვა მასშტაბურ პავილიონებში მოეწყობა საგამოფენო სივრცეები პროფესიების, საგანამანთლებლო სერვისებისა და დასაქმების შესაძლებლობის შესახებ. ღია საგამოფენო სივრცის პარალელურად, „რესპუბლიკის“ საკონფერენციო დარბაზში ასევე, დაგეგმილია ექსპერტთა მოხსენებებისა და წარმატებული მაგალითების წარდგენა.