2018 წლის 19 ოქტომბერს, 18:30 საათზე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების მონაწილეობით სტარტს ჰაკათონის ,,ჰაკატური’’ აიღებს. მისი მიზანია ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ასევე ინფორმაციული და ინოვაციური ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის განვითარებისა და ჩანაფიქრების რეალიზაციის პრაქტიკული შესაძლებლობის შექმნა.
,,ჰაკატურის“ ფარგლებში, სტუდენტები შექმნიან ხუთკაციან გუნდებს და მოამზადებენ დავალების შესაბამის სადემონსტრაციო ვიდეოებს. ჰაკატურის პარტნიორები სამ საუკეთესო პროექტს გამოარჩევენ და თითოეულ მათგანს ჯილდოს სახით 500 ლარი გადაეცემა.
ჰაკათონის მონაწილეებისთვის ამოცანის შესასრულებლად 72 საათია გამოყოფილი. დავალებები შემდეგ კატეგორიებს მოიცავს:
• ინოვაციური ბიზნეს მოდელის აღწერა და პრაქტიკული ექსპერიმენტი;
• მობილური აპლიკაცია;
• ნებისმიერი სახის პროგრამული უზრუნველყოფა;
• მექანიკური მოწყობილობა ან მისი მოდელი;
• ახალი პროდუქტის პროტოტიპი ან ვიზუალური კონცეფცია;
• არსებული საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესების გზის კონცეფცია;
• ბიზნეს პროცესების შედეგად დაგროვებული მონაცემების გამოყენებით ბიზნესისთვის დამატებითი ღირებულების შექმნა.
,,ჰაკატური“ ტურისტული ტექნოლოგიების ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენაა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ხორციელდება.
დაინტერესების შემთხვევაში მიაკითხეთ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, ან დარეკეთ ნომერზე 23-11-00.