განათლების საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსებისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ახალი სასტიპენდიო პროგრამა – ,,სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2016-2017“ -გამოაცხადა.
აღნიშნული პროგრამის პრეზენტაცია იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 28 იანვარს ,,განათლების საერთაშორისო ცენტრის“ და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლებმა გამართეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ განათლების, ინჟინერიის, საბუნებისმეტყველო, სოციალურ, ჰუმანიტარულ, აგრარულ მეცნიერებათა, სამართლის, არქიტექტურის, საჯარო მმართველობის და მენეჯმენტის მიმართულების სტუდენტები. სწავლა შესაძლებელია ფრანგულ და ინგლისურ ენებზე. უპირატესობა მიენიჭება იმ კონკურსანტს, რომელიც ფრანგულენოვან სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხება.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა შერჩევა 11 იანვრიდან 11 თებერვლამდე მოხდება. გამარჯვებული ოცამდე საქართველოს მოქალაქის სწავლას საფრანგეთში საქართველოს და საფრანგეთის მთავრობები ერთობლივად დააფინანსებენ.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდს: www.iec.gov.ge