იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ,,ვინ მოკლა ილია…” ჩვენება გაიმართა. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიხედვით არის გადაღებული და მოიცავს ილია ჭავჭავაძის მკველობას, მის მიერ საგურამომდე განვლილ უკანასკნელ გზას.
ფილმის ავტორების მიზანი იყო 1907 წლის 12 სექტემბერს საბედისწერო მოვლენების განვითარების არა მხოლოდ მხატვრული ხერხით ჩვენება, არამედ ილიას მკვლელობის სრულიად ახალი ვერსიის ეკრანიზაცია, რომელიც ისტორიკოსებისა და მკვლევართა მოსაზრებებითაა გამყარებული. აღსანიშნავია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ თენგიზ სიმაშვილის წვლილი ახალი ფაქტების აღმოჩენაში. სწორედ მისი ინიციატივით გაიმართა ფილმის ჩვენება თელავში.
მოქმედება დროის სამ მონაკვეთში ხდება – ილიას მკვლელობის დღეს, ბოლშევიკურ ეპოქაში, როდესაც მკვლელობაში მონაწილე პირები გაასამართლეს და თანამედროვე ეპოქაში, რა დროსაც ტექნიკური საშუალებებით მომხდარის დეტალების აღდგენა და მოკვლევა ტარდება.
“ექსპერტების დახმარებით მკვლელობის სრული რეკონსტრუქცია გაკეთდა. შსს-ს არქივის თანამშრომლებმა მკვლევართა ერთობლივი მუშაობის შედეგად, ილიას მკვლელობის სრულიად ახალი და აქამდე უცნობი დეტალები აღმოაჩინეს, რაც ფილშია ასახული. გარდა ამისა, ჩატარდა ილიას მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის ხელახალი შესწავლა. საქმე შსს-ს არქივშია დაცული და 11 ტომს მოიცავს. უწყების საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა ჩატარდა, ხოლო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში – ილია ჭავჭავაძის გაკვეთაში მონაწილე ექიმების დასკვნის ხელახალი ექსპერტიზა.”- აღნიშნა შსს-ს არქივის დირექტორმა ომარ თუშურაულმა.
მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმში ილია ჭავჭავაძის როლი კოტე თოლორდავამ შეასრულა, ხოლო მწერლის მეუღლე ნანუკა ხუსკივაძემ განასახიერა. ფილში მონაწილეობა მიიღეს გოგი ქავთარაძემ, გივი ბერიკაშვილმა, პაატა მხეიძემ, ირაკლი ჩოლოყაშვილმა, ზაზა იაქაშვილმა და სხვა მსახიობებმა. ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი მიხეილ ბერინაშვილია, მუსიკალური გაფორმება კი ნიაზ დიასამიძემ უზრუნველყო.
ფილმის ჩვენებას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, მოსწავლეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.