თესაუს შესახებ

უნივერსიტეტის ისტორია

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თესაუ) ერთ-ერთი უძველესი საგანმანათლებლო ცენტრია. უნივერსიტეტი ღირსეული გამგრძელებელია იყალთოს აკადემიის (XII საუკუნე), თელავის საფილოსოფოსო-საღვთისმეტყველო სასწავლებლის (1758-1782), სასულიერო სემინარიის (1782-1801), სასულიერო სასწავლებლის (1818-1918), სამასწავლებლო ტექნიკუმის (1924-1939), სამასწავლებლო ინსტიტუტის (1939-1951) და პედაგოგიური ინსტიტუტის (1951-1999) მრავალსაუკუნოვანი საგანმანათლებლო ტრადიციებისა.

1940 წლიდან იგი ატარებს დიდი ქართველი პედაგოგის და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის სახელს. დაარსებიდან 60 წლისთავზე, 1999 წელს მას მიენიჭა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი. უნივერსიტეტი ავტონომიური სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელია. აქ სწავლება მიმდინარეობს მშობლიურ ენაზე – ქართულ ენაზე.

უნივერსიტეტში სწავლა მიმდინარეობს განახლებული პროგრამებით და იგი სამ საფეხურიანია: საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო. უნივერსიტეტში მუშაობს აგრეთვე უმაღლესი პროფესიული განათლების პროგრამა.

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს:

  • 6 ფაკულტეტი შესაბამისი კათედრებით
  • 30-ზე მეტი კაბინეტ-ლაბორატორია
  • სასწავლო სახელოსნო
  • ინტერნეტის ქსელი
  • საუნივერსიტეტო ენციკლოპედია
  • სოციოლოგიური კვლევის ცენტრი
  • კომპიუტერული ცენტრი
  • უცხო ენათა ცენტრი
  • საინფორმაციო ცენტრი
  • კავკასიური კვლევების ცენტრი
  • არქეოლოგიური ცენტრი
  • იურიდიული კლინიკა
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტის მეგობრობის უცხო ენათა ცენტრი

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს აგრეთვე შემდეგი საზოგადოებრივი ორგანიზაციები:

  • პროფკავშირი;
  • სტუდენტთა თვითმმართველობა;
  • სტუდენტთა და ასპირანტთა სამეცნიერო საზოგადოება;
  • მარი ბროსეს საზოგადოება;
  • სპორტული კლუბი.

უნივერსიტეტს გააჩნია საკმაოდ მძლავრი მატერიალურ–ტექნიკური ბაზა:

მის განკარგულებაშია ოთხი სასწავლო კორპუსი, 2 საერთო საცხოვრებელი, ღია და დახურული სპორტული მოედნები, საცურაო აუზი, ხელოვნების და კულტურის ცენტრი, რომლებიც განთავსებულია შვიდი ჰექტარი ფართობის გამწვანებულ გარემოში.

სტუდენტთა სწავლებას და მეცნიერთა საქმიანობას ემსახურება თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, ახლად გახსნილი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ორასი ათასზე მეტი წიგნადი ფონდით.

სტუდენტთა სწავლა-განათლებას ემსახურება 45 პროფესორი, 47 ასოცირებული პროფესორი და 8 ასისტენტ-პროფესორი.

უნივერსიტეტში დღეისათვის 2000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. აქედან მაგისტრატურაში ირიცხება 224, დოქტორტურაში – 108.

ყოველწლიურად ქვეყნდება უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა, ასპირანტთა და სტუდენტთა სამეცნიერო შრომების კრებულები. 1977 წლიდან პერიოდულად გამოდის საუნივერსიტეტო გაზეთი. უნივერსიტეტს რეგულარული ურთიერთობა აქვს თბილისის უმაღლეს სასწავლებლებთან.

მრავალფეროვანია უნივერსიტეტის საერთაშორისო კავშირები. ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტებთან დამყარებულია მჭიდრო ურთიერთობები: თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მრავალი სტუდენტი და აკადემიური პერსონალი მონაწილეობს გაცვლით პროგრამებში. უნივერსიტეტში წარმატებით ხორციელდება რამდენიმე საერთაშორისო პროექტი, მათ შორის “ერასმუს მუნდუსისა” და “ტემპუსის” პროექტები.

უნივერსიტეტში ხშირად იმართება რესპუბლიკური და საერთაშორისო კონფერენციები.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს სხვადასხვა ქვეყნების კულტურისა და ლიტერატურის შესწავლის ცენტრები: გერმანიის (ბიბერახის ოთახი), ფრანკოფონიის (მარი ბროსეს სახელობის კაბინეტი), ამერიკის, ევროპის შესწავლის ცენტრი და სხვა. აგრეთვე ფუნქციონირებს სპორტული, ახალგაზრდა მეცნიერთა, ინტელექტუალთა, იუმორისტული და სადისკუსიო კლუბები, სტუდენტური თვითშემოქმედების დარბაზი. სტუდენტურ ცხოვრებას კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტის სტუდენტთა თვითმმართველობა.